მარკეტინგის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ინდუსტრიის ექსპერტების 80% ხელოვნური ინტელექტის გარკვეული მოდელების საკუთარ მარკეტინგულ საქმიანობაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს.
როგორი იქნება AI-ს მომავალი მარკეტინგში
Grand View Research-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ გლობალური ხელოვნური ინტელექტის ბაზარი 2030 წლისთვის $1,811.8 ბილიონს მიაღწევს.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სამყაროს დავალებების ავტომატიზაციის, გამოთვლითი გადაწყვეტილებებისა და ეფექტურობის გაზრდის მაჩვენებლების საფუძველზე კიდევ უფრო მოქნილსა და ჭკვიანს ხდის. AI-ს ზოგიერთი კატეგორია იმგვარადაა გამართული, რომ მას შეუძლია მარკეტინგული პროცესების გარკვეული დავალებების საკუთარ თავზე აღება.
მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა: დავალებების ავტომატიზაცია, კამპანიის პერსონალიზაცია და მონაცემთა ანალიზი.
ავტომობილით მგზავრობისას ხელოვნური ინტელექტის სისტემა სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მგზავრობის დროის შემცირებაში ეხმარება. სხვადასხვა აპლიკაციის მიერ რეალური დროის მონაცემების ანალიზი ავტომობილის მფლობელებს ინფორმაციას აწვდის გზაზე საცობში მოხვედრის, უბედური შემთხვევისა თუ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ. ამასთანავე, სწორედ ხელოვნური ინტელექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ტაქსების აპლიკაციების მფლობელებს მიეწოდოთ ინფორმაცია ადგილმდებარეობის, მგზავრობის საწყისი თუ ბოლო პუნქტისა და გადაადგილების შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში ფართოდ არის გავრცელებული ისეთი ტექნოლოგიების სახით, როგორებიცაა: SIRI, Google, Email, Facebook, Alexa, Amazon, Instagram, Netflix, Pandora.
AI მარკეტინგის სახეები
მარკეტინგული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები ერთმანეთისგან განსხვავდება. ინტელექტუალური დონისა და შემადგენლობის მიხედვით (დამოუკიდებელი ხელსაწყოა თუ პროგრამაშია ინტეგრირებული) ისინი შეიძლება სხვადასხვა კატეგორიად დაიყოს:
Stand-alone automation apps
დამოუკიდებელი ავტომატიზაციის აპლიკაციები არ არის წარმოდგენილი, როგორც კომპლექსური სისტემის ნაწილი (CRM) და საკუთარი ინტერაქციების საფუძველზე არ უზრუნველყოფს დასწავლას, როგორც ეს მანქანური სწავლების აპლიკაციების შემთხვევაშია. დამოუკიდებელი ავტომატიზაციის აპლიკაციებს შეუძლია ავტომატიზებული ამოცანების შესრულება და კომპლექსური სამუშაო პროცესების გაძლიერება. აღნიშნული მიმართულების კარგი მაგალითებია ავტომატური გამოქვეყნების ხელსაწყოები (Automated publishing tools) და ჩატბოტები, რომლებიც კონტენტის გარკვეული დროის ფარგლებში გამოქვეყნებასა და მომხმარებელთა დახმარებას უზრუნველყოფს.
Integrated automation apps
ინტეგრირებული ავტომატიზაციის აპლიკაციები მიჰყვება ლოგიკაზე დაფუძნებულ წესებს და შედარებით მცირე ინტელექტს საჭიროებს. თუმცა, დამოუკიდებელი აპლიკაციებისგან განსხვავებით, ისინი უფრო დიდი სისტემის ფარგლებში მოქმედებს.
ინტეგრირებული ავტომატიზაცია ხშირად გამოიყენება CRM-ის სისტემებში, რათა მარტივი ამოცანების შესრულება უზრუნველყოს, ისეთების, როგორებიცაა მომხმარებელთა კატეგორიზაცია ქცევის საფუძველზე.
Stand-alone machine learning apps
დამოუკიდებელი მანქანური სწავლების აპები დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და უზარმაზარი რაოდენობის მონაცემებს იყენებს, რათა კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოს, ხოლო მოწინავე მანქანური სწავლების ხელსაწყოები ეფუძნება მომხმარებლის ინტერაქციას, რათა პროგნოზები და გადაწყვეტილებები გააუმჯობესოს. დამოუკიდებელი მანქანური სწავლების აპების კარგი მაგალითია ინსტრუმენტები, რომლებიც ქმნის მომხმარებლების ინტერესების შესაბამის გეგმებს (სახის კანის ანალიზზე დაფუძნებული კანის მოვლის რუტინა), ასევე მოწინავე ჩატბოტები, რომლებიც მომხმარებლების ქცევას აანალიზებს, რათა დაადგინოს, თუ როდის გადაამისამართოს მომხმარებლები პერსონალურ მენეჯერთან.
Integrated machine learning apps
ხელოვნური ინტელექტის ყველაზე უკეთ გამოყენება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მანქანური სწავლება CRM-სა ან სარეკლამო ინსტრუმენტებშია ინტეგრირებული. მანქანათმცოდნეობის ინტეგრირებული აპებისთვის რთული არ არის მომხმარებლების ქცევის ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებლებს. მანქანათმცოდნეობის ინტეგრირებული აპლიკაციები მარტივად აგროვებს მომხმარებელთა ბრაუზინგისა და შესყიდვის მონაცემებს, რათა საბოლოოდ უზრუნველყოს მაღალი გამიზნულობის მქონე რეკლამის გენერირება.
AI მომხმარებელთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებისას შეგვიძლია გამოვყოთ 4 ძირითადი მიმართულება: ჩატბოტები, მიზნობრივი და პროგონოზირებადი კონტენტი, კონტენტის შექმნა და გამოსახულების აღქმის ტექნოლოგია. თითოეულ მიმართულებას მომხმარებელთა სერვისისა და მხარდაჭერის პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
ჩატბოტები – ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებსაც მომხმარებლებთან გარკვეული საუბრის წარმართვა შეუძლია. ჩატბოტების კარგი მაგალითებია დახმარების საჭიროების შემთხვევაში ვებგვერდზე არსებული ღილაკები, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებზე სხვადასხვა კომპანიასთან კომუნიკაციისას დაგენერირებული ავტომატური პასუხები. ჩატბოტს შეუძლია აუდიო ან ტექსტური საუბრების წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ ჩატბოტები ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტებია. წინასწარ შემუშავებული კითხვები ბიზნესს ზუსტი მონაცემების შეგროვებაში ეხმარება იმის შესახებ, რა ტიპის პროდუქტითა თუ სერვისით არიან მომხმარებლები დაინტერესებული.
პროგნოზირებადი და მიზნობრივი შინაარსი – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მნიშვნელოვან ბენეფიტებს იძლევა სამომავლო პროგნოზებისა და მომხმარებლების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვების მიმართულებით. AI-ს მომხმარებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია მათი მომავალი ქცევის პროგნოზირება და ასევე მიზანმიმართული კონტენტისა თუ შეტყობინებების შექმნა. აღნიშნული პროცესი ეფუძნება ფაქტს, რომ ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს, მაგალითად, იმეილ მარკეტინგი წარიმართოს მომხმარებლების ქცევის საფუძველზე. ის უზრუნველყოფს შეტყობინების მიწოდებას სწორ დროს დინამიკური შინაარსითა და რელევანტური მახასიათებლების განსაზღვრით; იმის ცოდნით, თუ რომელ ვებგვერდებს ეწვია მომხმარებელი, რომელ ბლოგპოსტებს კითხულობს, რომელ ელფოსტასთან ჰქონდა ინტერაქცია და სხვა. AI-ს შეუძლია, ჭკვიანურად შეარჩიოს კონტენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონება კონკრეტულ მომხმარებელს.
კონტენტის პროდუქცია – მარკეტერები კონტენტის შექმნის პროცესს ერთ-ერთ ურთულეს ამოცანად აღიქვამენ. ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს კი სტატიების წარმოება და სოციალური მედიისთვის განსხვავებული სარეკლამო განცხადებების ტექსტის, ე.წ. ქოფების, შექმნა შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტი პოტენციური აუდიტორიის ფსიქოლოგიურ-სოციალურ მახასიათებლებს ითვალისწინებს და მის საფუძველზე ქმნის კონტენტს.
გამოსახულების ამოცნობის ტექნოლოგია – ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები გამოსახულების ამოცნობის პროგრამებითაა უზრუნველყოფილი. აღნიშნული მახასიათებლების საფუძველზე კი შესაძლებელია მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში საილუსტრაციო მაგალითად Facebook-ის პლატფორმა გამოდგება, რომელიც ფოტოზე სახეებს აღიქვამს და თქვენს მეგობარს ავტომატურად მონიშნავს. გამოსახულების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციას.
რა უპირატესობა აქვს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მარკეტერებისთვის?
თანამედროვე მაღალი კონკურენციის ეპოქაში, თუკი ბიზნესი უარს ამბობს AI ტექნოლოგიის გამოყენებაზე, დიდი შანსია იმისა, რომ სხვა კომპანიებმა თქვენს ბიზნესს წარმატების კუთხით გადაუსწროს.
ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის სფეროში ინტეგრაციით მარკეტერები შემდეგ ბენეფიტებს იღებენ:
დროის უკეთესი მენეჯმენტი – ხელოვნური ინტელექტი აგროვებს მომხმარებლების მონაცემებს, რის საფუძველზეც მას შეუძლია სპეციფიკური მახასიათებლების აღმოჩენა და მასზე კონცენტრაცია. პროექტის სხვა რთულ სტრატეგიულ ნაწილზე კი მარკეტერები და გუნდის სხვა წევრები მუშაობენ.
აუდიტორიის ანალიზი – აუდიტორიის ანალიზის საფუძველზე რეფლექსია კომპანიას, მის გუნდსა და მომხმარებლებს შორის გაცილებით გამარტივებულია. კონტენტი, საკომუნიკაციო არხები თუ ვიზუალური მასალა კი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გენერირდება.
შემოქმედებითობა – მაგალითად, პლატფორმა ChatGPT მომხმარებლებს გარკვეული სიტყვებისა და ფრაზების მითითებით ახალი ინფორმაციისა თუ იდეების გენერირებაში ეხმარება.
ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას – ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლების ქცევის დასწავლით ადვილად იღებს ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ. კომპანიები კი, რაც უფრო მეტად შეეცდებიან თავიანთი მომხმარებლების საჭიროებებზე კონცენტრაციას, მით უფრო მეტად შეძლებენ პოზიტიური გამოცდილებების შექმნას.
როგორ იყენებენ მარკეტოლოგები AI-ს ხელსაწყოებს?
კიდევ უფრო კარგად რომ გავიცნოთ AI ციფრულ მარკეტინგში, მოდით, გავეცნოთ AI მარკეტინგს და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, თუ როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება სამუშაო პროცესის გასამარტივებლად.
რეკლამის ჩაშვება გამიზნულად: AI იყენებს დროთა განმავლობაში დაგროვებულ მონაცემებს, რათა დაგეგმილი რეკლამის შედეგების პროგნოზირება შეძლოს. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე რეკლამა კიდევ უფრო რელევანტური ხდება სამიზნე აუდიტორიისთვის.
კონტენტის იდეაცია და ოპტიმიზაცია: AI შესანიშნავი საშუალებაა იდეების გენერირებისა და კონტენტმარკეტინგის წარმართვისთვის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კონტენტის გარკვეულ ელემენტებზე მუშაობისთვის კარგი საშუალებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სტატიებისა და ელექტრონული წიგნების კონტენტზე მუშაობისას დროისა და ძალისხმევის დაზოგვა.
A/B ტესტირება: ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გაძლევთ, დროის მცირე მონაკვეთში შეადაროთ სხვადასხვა მონაცემი და კამპანიის მიზნის მისაღწევად ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოთ.
განწყობის ანალიზი და კვლევები: ხელოვნური ინტელექტი კომპანიებს ასევე აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ემოციები, გრძნობები, სურვილები აქვთ მომხმარებლებს. აღნიშნული ფაქტი მათ ეხმარება, პროდუქტისა თუ სერვისის გაუმჯობესებაში. მაგ.: სოციალური მედიის პოსტები, მიმოხილვები ფორუმებზე, გამოხმაურებები კარგი საშუალებაა განწყობების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტენტის შექმნა თავისთავად კვლევაცაა – ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და დალაგება. სწორედ ამიტომ ბევრი მარკეტერი ხშირად ხელოვნური ინტელექტის ნომერ პირველ სასარგებლო პარამეტრად კვლევას ასახელებს. AI კვლევის ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, Bit.ai, თქვენ და თქვენს გუნდს გაძლევთ საშუალებას, შეაგროვოთ მონაცემები და ერთ ადგილას მოუყაროთ თავი დოკუმენტებსა და შენიშვნებს.
მრავალენოვანი კამპანიების წარმოება: მაგალითად, ნეირომანქანური თარგმანის (NMT) საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ტექსტების თარგმნა, რაც ამარტივებს პროექტებზე მუშაობის პროცესს და ხელს უწყობს აუდიტორიის გაფართოებას.
რეპორტინგი: მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარკეტოლოგების დიდი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს რეპორტინგისთვის იყენებს, რადგან, მოგეხსენებათ, დიდი მონაცემების დამუშავება საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. მაგ.: ინფორმაციის შეკრება, გამოხშირვა, მონაცემების დაჯამება, სქემების შექმნა.
რედაქტირების ინსტრუმენტები: სხვადასხვა პროექტზე სამუშაოდ ასევე ეფექტური საშუალებაა რედაქტირების ინსტრუმენტები. მაგალითად, ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა: Grammarly, Hemingway, ამარტივებს კორექტურული შეცდომების აღმოჩენას. ტექსტის რედაქტირებაში წამყვანი ადგილი სწორედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავია.
დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა სფეროში პროცესების წარმართვაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტს ყველაფრის გაკეთება შეეძლება. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს არ ძალუძს აბსტრაქტული ცნებების გაგება, ის ნაკლებად კრეატიულია, მას არ აქვს ემოციები და ცნობიერება, არ შეუძლია ისეთ ამოცანებზე მუშაობა, რომლებიც კომპლექსურობით გამოირჩევა და ნაკლებად სტრუქტურირებულია. AI ხელსაწყოებსა თუ პროგრამებს ურთულდება კონტექსტის გაგება, ისეთი ამოცანების ამოხსნა, რომლებიც დიდ გამოცდილებასა და ინტუიციას მოითხოვს. აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტი ვერ იგებს იდიომატურ გამონათქვამებს და ვერ ახერხებს მათ ინტერპრეტაციას.
მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის ნაკლოვანებებისა, მისი დახმარებით კომპანიებსა და მომხმარებლებს ორმხრივი სარგებლის მიღება შეეძლებათ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მარკეტოლოგებს წვდომა ჰქონდეთ ახალ ინსტრუმენტებზე, რათა მათი დახმარებით გააუმჯობესონ მომხმარებლების გამოცდილება, ბრენდის იმიჯი და პოტენციური აუდიტორიის მხრიდან ლოიალური დამოკიდებულების მაჩვენებელი.
ბლოგის ავტორი: გვანცა ფორჩხიძე
კორექტორი: ირმა ჯოხაძე