კომპანიები საკუთარი მიზნების მისაღწევად ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციას იყენებენ. მარკეტინგულ მიქსში შემავალი ელემენტების გვერდით კი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს კონტენტ მარკეტინგი იკავებს.
კონტენტ მარკეტინგი ბევრი სახით შეიძლება განიმარტოს, მათ შორის ერთ-ერთი დეფინიცია კი ამგვარია:
კონტენტ მარკეტინგი – ეს არის კონტენტის დაგეგმვის, შექმნის, დისტრიბუციის, გაზიარებისა და გამოქვეყნების პროცესი სოციალური მედიის, ბლოგების, ვებგვერდების, პოდკასტების, აპების, პრესრელიზების, პუბლიკაციების საშუალებით. მისი მთავარი მიზანი კი პოტენციური აუდიტორიის მოცვა, ბრენდის შესახებ ცნობადობის, გაყიდვების, ჩართულობის გაზრდა და ლოიალური დამოკიდებულების გაჩენაა.
და მაინც, რა როლი აქვს კონტენტ მარკეტინგს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
- კონტენტ მარკეტინგის მეშვეობით შეგიძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
- კონტენტ მარკეტინგი დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში
- კონტენტ მარკეტინგის საშუალებით შეგეძლებათ, გაზარდოთ ნდობა და დაალაგოთ ურთიერთობები კლიენტებსა და ბიზნესს შორის
- კონტენტ მარკეტინგით დაანახვებთ აუდიტორიას, თუ როგორ შეუძლია თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას მათი პრობლემების გადაწყვეტა
- კონტენტ მარკეტინგი დაგეხმარებათ რეპუტაციისა და პოზიტიური იმიჯის შექმნაში
- კონტენტ მარკეტინგი დაგეხმარებათ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში
- კონტენტ მარკეტინგის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის წარმატებით განხორციელება
ვინაიდან კონტენტ მარკეტინგი, მარტივი ენით, ტექსტური და ვიზუალური მასალის ერთობლიობაა, დღეს არსებული ციფრული არხების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მის სხვადასხვა მიმართულებას გამოყოფენ.
ონლაინ კონტენტ მარკეტინგი
ონლაინის კონტენტ მარკეტინგი ძირითადად დაკავშირებულია ვებგვერდებთან და ასევე ნებისმიერ მასალასთან, რომელიც ციფრულ მედიაში ქვეყნდება. კარგად დაგეგმილი ონლაინმარკეტინგის სტრატეგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საძიებო სისტემების შედეგების გვერდებზე (SERPs) უფრო მაღალი ადგილების დაკავებაში, რათა პოტენციურ აუდიტორიას შესაბამის დროს მისწვდეთ.
ბლოგის კონტენტ მარკეტინგი
ბლოგები კომპანიის, პროდუქტის, სერვისის, დაინტერესებული მხარის (ე.წ. სტეიქჰოლდერების) დამოკიდებულებების გაზიარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ, აუდიტორიას გაუზიაროთ სასარგებლო, საგანმანათლებლო კონტენტი, მიაწოდოთ მათ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთა ირგვლივაც მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვები და უჭირთ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა. კონტენტ მარკეტინგის აღნიშნული მიმართულება შემომავალი ბმულების (ე.წ. ბექლინკების), გაზიარების ღილაკების მეშვეობით ვებგვერდზე ტრაფიკის შექმნის პოზიტიურ მაჩვენებელს იძლევა.
case studies კონტენტი
აღნიშნული შინაარსის კონტენტი კომპანიას საშუალებას აძლევს, უკვე დასრულებული პროექტების შესახებ გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე საზოგადოებას დაანახვოს საკუთარი შესაძლებლობები და უპირატესობები. case studies კონტენტი პოტენციურ აუდიტორიას აჩვენებს: რა ტიპის მომსახურებისა და პროდუქტის მიწოდება შეუძლია მას მომხმარებლებისთვის; რა გზით შეუძლია მას გამოწვევებთან გამკლავება; როგორ პოზიციონირდება კომპანია ბაზარზე, რაც მას დარგის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად წარმოაჩენს.
ჩეკლისტები
როგორც წესი, მომხმარებლებს იზიდავთ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც მათ სრულიად უფასოდ აწვდის ცნობებს დამატებითი ხელსაწყოების შესახებ. აღნიშნული ტიპის კონტენტი მომხმარებლებს ეხმარება, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რამდენად სწორია ის ნაბიჯები, რომლებსაც საკუთარი მიზნების მისაღწევად დგამენ. ჩეკლისტების საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ ლიდების შეგროვება სწორედ ისე, როგორც ეს ელექტრონული წიგნების შემთხვევაშია.
ელექტრონული წიგნები (eBooks)
ელექტრონული წიგნები ინტერნეტში საკუთარი პროდუქტის, სერვისის, სასარგებლო ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. როგორც წესი, ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვისას კომპანია მომხმარებლის მხრიდან გარკვეული ინფორმაციის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და სახელის მიწოდებას ითხოვს, რაც სამომავლოდ სხვადასხვა შეთავაზებისა და სიახლის გაზიარების საფუძველს ქმნის.
რეკომენდაცია/ინსტრუქციები და How To კონტენტი
მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი კონტენტის სახე გზამკვლევები და ინსტრუქციებია. კონტენტ მარკეტინგის აღნიშნული მიმართულება დადებით გავლენას ახდენს მომხმარებლებზე. კომპანია აუდიტორიას სასარგებლო ინფორმაციასა და მარტივ რჩევებს აწვდის იმისთვის, რომ მათ სხვადასხვა სირთულე და გამოწვევა დამოუკიდებლად გადალახონ. მსგავსი ტიპის კონტენტი კომპანიის იმიჯზე პოზიტიურად აისახება და კომპანიასთან აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა.
ფასიანი რეკლამების კონტენტ მარკეტინგი
ფასიანი რეკლამები ფართო აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანის კარგი საშუალებაა, რადგან პროდუქტისა და სერვისისთვის შესაბამისი სივრცეების გამოყენებით იზრდება გაყიდვები. ფასიანი რეკლამების გავრცელება დღეს შესაძლებელია სოციალურ მედიაში, ვებგვერდებზე, ბანერებსა და სხვადასხვა ტიპის მედიაში.
რეკომენდაციები და რევიუები
მომხმარებლების, პარტნიორების რევიუები და რეკომენდაციები კომპანიას ეხმარება, დაინახოს მისი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. აღნიშნული მიმართულების კონტენტი ასევე საშუალებას იძლევა, მომხმარებლებს შეუქმნას წარმოდგენა კომპანიის მიმართ არსებული დამოკიდებულებებისა და სანდოობის შესახებ. გარდა ამისა, ტექნიკური თვალსაზრისით ე.წ. ტესტიმონიალები და რევიუები ვებგვერდზე ინფორმაციის შევსების ერთ-ერთი საშუალებაა.
ხელსაწყოები (Tools)
უფასო ინსტრუმენტები და რესურსები კარგი საშუალებაა საიტზე ვიზიტორების რაოდენობის გასაზრდელად. კომპანიამ აუდიტორიას შეიძლება შესთავაზოს უფასო შაბლონები კონტენტსტრატეგიისთვის, ფაილები მარტივი ბიზნესგეგმის შესაქმნელად. რაც უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი იქნება ხელსაწყოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ სამომავლოდ მომხმარებლები თქვენს ვებგვერდს აქტიურად გამოიყენებენ და პოპულარიზაციასაც გაუწევენ საზოგადოებაში.
სოციალური მედიის კონტენტ მარკეტინგი
დღეს არსებული კომპანიების უმრავლესობა საკუთარი კომპანიის პოპულარიზაციისათვის აქტიურად მიმართავს სოციალურ მედიას, რადგან აღნიშნული მიმართულებით მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სოციალური მედიის უნივერსალური სისტემა: ფოტოების, ვიდეოების, ბლოგპოსტების, სტატიების, სემინარების, ტრენინგების, ონლაინშეხვედრების გაზიარების საშუალებას იძლევა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება აუდიტორიისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისთვის.
მიმები
მიმები სახალისო კონტენტის შექმნისა და მომხმარებლების დაინტერესების ერთ-ერთი კარგი გზაა. მიმებს დამატებითი სარგებლის მოტანაც შეუძლია, რადგან შესაძლებელია, შექმნილი ვიზუალი ვირუსულადაც გავრცელდეს.
ინფოგრაფიკის კონტენტ მარკეტინგი
ინფოგრაფიკა ინფორმაციისა და მონაცემების ვიზუალიზაციის კარგი საშუალებაა. ეს შესაძლებლობა გზავნილს კიდევ უფრო ეფექტურსა და მარტივად აღსაქმელს ხდის. ინფოგრაფიკები განსაკუთრებით წარმატებით სარგებლობს საგანმანათლებლო, ბიზნეს- და სამეცნიერო კვლევების, ასევე სხვა რთული საკითხების გადმოცემის შემთხვევაში.
ქვიზები
ქვიზები მომხმარებლებს ინფორმაციის მიღებასა და საკუთარი ცოდნის შემოწმებაში ეხმარება. ქვიზი შესაძლებელია იყოს საგანმანათლებლოც და სახალისოც. აღნიშნული ტიპის კონტენტი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს აუდიტორიის კომპანიასთან ინტერაქციას, მეორე მხრივ კი, კომპანიას დამატებით ექმნება წარმოდგენა, როგორია პოტენციური აუდიტორიის დემოგრაფიული და ფსიქოლოგიურ-სოციალური მაჩვენებელი.
ინფლუენსერ მარკეტინგი
ინფლუენსერის კონტენტ მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მიმართულება პროდუქტისა და მომსახურების გაყიდვის ეფექტური საშუალებაა. მიმდევრები (ე.წ. ფოლოვერები), როგორც წესი, ინფლუენსერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რჩევებსა და რეკომენდაციას ენდობიან, რის გამოც კომპანიის მიერ გავრცელებული მესიჯი ადვილად ზემოქმედებს პოტენციურ აუდიტორიაზე. აქტიური ინფლუენსერ მარკეტინგი ხელს უწყობს კომპანიის მიმართ კეთილგანწყობის გაზრდას.
პოდკასტის კონტენტ მარკეტინგი
Spotify და Apple პოდკასტების მრავალფეროვან თემატურ ასორტიმენტს გვთავაზობს. ბევრმა ბიზნესმა დაიწყო პოდკასტებით საუბარი, რათა პოტენციურ აუდიტორიამდე სათქმელის მიტანა გაადვილებოდა.
პოდკასტები კარგია მგზავრობის დროს მოსასმენად, ყოველდღიური სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შესაძლებელია იყოს პროფესიულიც და სარელაქსაციოც.
ვიდეოს კონტენტ მარკეტინგი
Wyzowl-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის 91% იყენებს ვიდეოს, როგორც ერთ-ერთ ძირითად მარკეტინგულ ხელსაწყოს. ვიდეო ბრენდის პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეფექტური საშუალებაა. ვიდეომარკეტინგს შეუძლია გაზარდოს კონვერტაციები, გააუმჯობესოს ROI-ის, Impression-ის, Reach-ის, Engagement-ისა და გაყიდვების მაჩვენებელი. აღნიშნული ტიპის კონტენტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველია, რადგან ისინი დამატებითი სირთულეების გარეშე იღებენ საჭირო ინფორმაციას.
ღონისძიებები
ვებინარები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები შესანიშნავი საშუალებაა აუდიტორიასთან ინტერაქციისთვის. აღნიშნული შეხვედრები კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, პოტენციურ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია თავისი კომპანიის, პროდუქტისა და სერვისის შესახებ. ხელი შეუწყოს საკუთარი ხედვებისა და პერსპექტიულობის პოპულარიზაციას. ღონისძიებები ასევე კარგი გზაა მომხმარებლების მოთხოვნების, დამოკიდებულებების, მოლოდინების შესახებ ინფორმაციის შეკრებისა. კომპანიას შეუძლია ამ თავყრილობების ჩანაწერების გაკეთება შემდგომი გავრცელებისთვის და სამომავლო კამპანიების საწარმოებლად.
საინფორმაციო ბიულეტენები და ელფოსტის სიები
საინფორმაციო ბიულეტენები (ე.წ. ნიუსლეთერები) და ელფოსტის მისამართები კომპანიებს მომხმარებლებთან ხანგრძლივი კონტაქტების დამყარებაში ეხმარება. როგორც წესი, მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი კომპანიის მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბიულეტენებს ან მეილებს არ ხსნის, თუმცა მათ საფოსტო ყუთში კომპანიის გზავნილების მოხვედრა ავტომატურად აღწევს მომხმარებლების ქვეცნობიერში და ის მუდამ ახსენებს მათ თქვენი კომპანიის არსებობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტიპის კონტენტი ერთდროულად ინფორმაციულიც იყოს, რელევანტურიც, კრეატიულიც და სახალისოც, რათა მომხმარებლებს თქვენი გზავნილების წაკითხვის სურვილი გაუჩნდეთ.
ზემოთ დასახელებული კონტენტ მარკეტინგის მიმართულებები ნებისმიერი კომპანიისთვის მომხმარებლებთან, პარტნიორებთან კომუნიკაციის წარმართვის ეფექტური საშუალებებია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ის, რაც საგანმანათლებლო სექტორში აქტიურად ჩართული კომპანიისთვისაა მოგებიანი, შეიძლება სულაც არ იყოს დადებითი შედეგის მომტანი სამშენებლო სექტორისთვის. ამიტომ ნებისმიერ სფეროს მისთვის რელევანტური კონტენტ მარკეტინგის მიმართულების შერჩევა სჭირდება, რათა დაგეგმილმა აქტივობებმა კომპანია სასურველ შედეგებამდე მიიყვანოს.
ბლოგის ავტორი: გვანცა ფორჩხიძე
კორექტორი: ირმა ჯოხაძე