ბრენდი – ეს არის კომპანიის იდენტობა და ისტორია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კონკურენცია გაუწიოს მსგავსი პროდუქტისა და სერვისის მომწოდებელ სხვა კომპანიებს. ბრენდინგის მიზანი კი მომხმარებელთა გონებაში ბრენდის ხატის ჩაბეჭდვა და კომპანიის ფავორიტ არჩევანად წარმოჩენაა.
ამრიგად, ბრენდები კარგი საშუალებაა კომპანიის ხედვის გასაზიარებლად. ხშირად ბრენდებს იმ საერთო გამოცდილებასაც უკავშირებენ, რომელიც საზოგადოებას, როგორც მომხმარებელს, ციფრული არხების მიმდევარს (ე.წ. ფოლოვერს), ან მუდმივ მყიდველს, ბრენდთან კომუნიკაციისას ჩამოუყალიბდა.
ციტატა – “A brand is a name, term, design, symbol, or any other feature that identifies one seller’s good or service as distinct from those of other sellers” (American Marketing Association).
რას არის ბრენდინგი?
თავად ბრენდინგი არის კომპანიის ბრენდის იდენტობის შექმნის პროცესი. ბრენდინგის პროცესი აერთიანებს ლოგოს, სლოგანს, ვიზუალურ დიზაინსა და ხმის ტონს. კიდევ უფრო რომ განვავრცოთ, ეს არის ორგანიზაციის გამორჩეული მახასიათებლების კვლევის, განვითარებისა და გამოყენების პროცესი, რათა მომხმარებლებმა ბრენდი კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებს დაუკავშირონ.
ბრენდინგის ელემენტებს შეხვდებით სოციალური მედიის ტექსტებში, ბილბორდის ფერთა პალიტრებსა და იმ მასალებში, რომელთაც ბრენდები საკუთარი პროდუქტის შესაფუთად იყენებენ.
კომპანიებმა, რომლებიც ძლიერ ბრენდებს ფლობენ, იციან, რომ მათი ბრენდის იდენტობა ყველგან უნდა იყოს კითხვადი და დასამახსოვრებელი. მაგალითად, Snickers-ის ბრენდმა მსოფლიოს თავი შეაყვარა. მისი ლოგო, გემო, არომატი, დახვეწილი სოციალური მედიაკამპანიები დღესაც მყიდველთა ყურადღების მიპყრობის ძლიერი ეფექტით გამოირჩევა.
უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლები ქმნის ბრენდებს, არამედ გრძნობებიც, რომლებიც მომხმარებლებს უვითარდებათ კომპანიის ან მისი პროდუქტების მიმართ. ფიზიკური და ემოციური ნიშნების ეს კომბინაცია სახელის, ლოგოს, ვიზუალური იდენტობის ან თუნდაც გაგზავნილი შეტყობინებების გამოვლენისას წარმოიქმნება.
ვისზე ახდენს გავლენას ბრენდი?
მომხმარებლებზე: ხშირად ბრენდები საზოგადოებას ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვა ხერხით სთავაზობენ. კომპანიის მიერ წარმოებული რელევანტური კონტენტი და ბრენდთან დაკავშირებული Storytelling კამპანიები კი მომხმარებლებს საბოლოო არჩევანის გაკეთებასა და კონკრეტულ ბრენდზე კონცენტრირებაში ეხმარებიან.
მესამე მხარის წარმომადგენლებზე: გარდა იმისა, რომ ბრენდები მომხმარებლებს მსგავსი პროდუქტების შემთხვევაში არჩევანის გაკეთებას უადვილებენ, ბრენდინგის სტრატეგიები მნიშვნელოვან გავლენასაც ახდენს კომპანიის რეპუტაციაზე. ამ უკანასკნელს კი ძლიერი ზემოქმედება შეუძლია: მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ინვესტორებზე, პროვაიდერებსა და დისტრიბუტორებზე. ბრენდების დადებითი ზეგავლენის კატალიზატორად შეგვიძლია აღვიქვათ ონლაინპიარი. თუკი გრძნობთ, რომ ბრენდს ესმის თქვენი და ასევე გთავაზობთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შთაგაგონებთ, ალბათ მოგინდებათ მუშაობა აღნიშნულ ბრენდთან და გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მისი სამყაროს ნაწილი გახდეთ. თქვენთვის სასურველი დამოკიდებულების შექმნასა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ამ შემთხვევაში სწორედ ონლაინპიარი ზრუნავს.
Branding vs. Marketing
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ბრენდინგისა და მარკეტინგის ერთ დისციპლინაში გაერთიანება, მათ შორის პარალელების გავლება ხშირად რთულია.
მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდი – ეს არის კომპანიის იდენტობა, ხოლო მარკეტინგი მოიცავს ტაქტიკასა და სტრატეგიებს, რომლებიც აღნიშნული იდენტობის შესახებ ავრცელებს ამბავს. ბრენდინგის შემთხვევაში წინა ფლანგზე გადმოდის ბრენდის ისტორია და იდენტობა, მარკეტინგის შემთხვევაში კი ეს ქმედებები, როგორც წესი, აძლიერებს კომპანიის პროდუქტებს, კლიენტებს ან სხვა ინიციატივებს გაყიდვების პრომოციისთვის.
ბრენდინგსა და მარკეტინგს შორის განსხვავებას უფრო ვრცლად ამ სქემის მიხედვით წარმოგიდგენთ:
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანიის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ორივე მიმართულების კომბინირებულად მუშაობა.
რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი?
ბრენდი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია. იგი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ იდენტობის შეგრძნება, იყვნენ უფრო მეტად დასამახსოვრებლები, რაც თანამშრომლების სიამაყის, თავდაჯერებულობის განცდაზე ახდენს გავლენას.
ბრენდინგის უპირატესობებია:
ზეგავლენა შესყიდვის გადაწყვეტილებაზე – 2021 წლის Razorfish კვლევაზე დაყრდნობით მომხმარებლების 82% უპირატესობას ანიჭებს და ყიდულობს ისეთი ბრენდებისგან, რომლებიც დიდ მისიას ან მიზნებს ასრულებენ, ხოლო 67% მომხმარებლებისა ამბობს, რომ ბრენდები, რომლებისგანაც ისინი პროდუქტს ან მომსახურებას ყიდულობენ, მათ უკეთეს ადამიანებად აქცევენ.
ხელს უწყობს იდენტობის შექმნას თქვენი ბიზნესისთვის – ბრენდი კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტისა და სერვისის მიღმა ვრცელდება. ის თქვენს ბიზნესს იდენტობას ანიჭებს. ბრენდინგის დახმარებით პოტენციურ აუდიტორიას შეუძლია კომპანიის სხვადასხვა ელემენტთან ჰქონდეს შეხება, თან ისე, რომ უშუალოდ მისი პროდუქტისა თუ სერვისის მომხმარებელი არ იყოს.
ბრენდინგი აძლიერებს რეკლამასა და მარკეტინგს – რეკლამა ინტერნეტსამყაროში და მარკეტინგული ძალისხმევა და პრომოუშენი მაშინაა ეფექტური, როდესაც ეს უკანასკნელნი კომპანიის ბრენდინგთან თანხვედრაში არიან.
ეხმარება მომხმარებლებს კომპანიის/ბიზნესის დამახსოვრებაში – ბრენდინგი აქცევს ორგანიზაციას, პროდუქტსა თუ სერვისს დასამახსოვრებლად. ის არის კომპანიის სახე და ეხმარება მომხმარებლებს, სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან განასხვაოს მისი ხელწერა.
ბრენდინგი ხელს უწყობს თანამშრომელთა მხარდაჭერას – ბრენდს თანამშრომლებისთვის სიამაყის განცდა მოაქვს. კომპანიის ბრენდის აუდიტორიასთან კომუნიკაციისას არა მხოლოდ ბრენდის იდენტობის შესახებ იღებს მომხმარებელი ინფორმაციას, არამედ მას მიეწოდება ამბავი რეპუტაციის მქონე, მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შესახებ. ძლიერი ბრენდინგი კი ძლიერი თანამშრომლების დამსახურებაა.
როგორ იქმნება ბრენდი?
ბრენდის შექმნის პროცესი კრეატიულია. ბრენდის წარმატება დაკავშირებულია გუნდურ ძალისხმევასთან და ბევრ დაინტერესებულ ადამიანთან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სასარგებლო გამოხმაურებებითა და ცვლილებებით ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა და ბრენდირების გამოწვევად ქცევა შეუძლიათ.
ქვემოთ გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ ბრენდი და დაიწყოთ რებრენდინგის პროცესი.
განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია – ბრენდინგი იწვევს ცნობადობის, აღიარების, ნდობისა და შემოსავლის მაჩვენებლის გაძლიერებას. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მათ სურთ პერსონალიზებული გამოცდილების მიღება. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა – როგორ უზრუნველყოფს კომპანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შეთავაზებას, თუ მას თავის აუდიტორიაზე წარმოდგენა არ აქვს? იმისთვის, რომ ცნობადობის, აღიარების, ნდობისა და შემოსავლების მაჩვენებელი გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, ბრენდზე მუშაობისას იცოდეთ: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, რატომ შექმენით პროდუქტი, აგვარებს თუ არა ის მომხმარებელთა პრობლემებს, ვინ შეიძლება იყოს თქვენი იდეალური მომხმარებელი, სწორად მიმდინარეობს თუ არა SEO მომსახურება?
ჩამოაყალიბეთ თქვენი მისია – აქ მთავარ კითხვად შეიძლება დაისვას: რატომ შექმენით ბიზნესი? ამ კითხვაზე პასუხი კომპანიის მისიის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ბრენდმა უნდა შეძლოს აუდიტორიისთვის იმის ჩვენება, თუ რისი გაცემა შეუძლია თქვენს ბიზნესს, შემდეგ კი ბრენდის ყველა ელემენტს: ლოგოს, სლოგანს, ვიზუალურ სტილს, ხმასა და პიროვნებას შეუძლია გამოხატოს აღნიშნული მისია და ხედვა. მისია კომპანიას ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რატომ არსებობს ის და რატომ უნდა ენდობოდნენ ადამიანები თქვენს ბრენდს.
განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები, მახასიათებლები და უპირატესობები – იმისთვის, რომ ბრენდის ღირებულებების, მახასიათებლებისა და უპირატესობების დეფინიცია მოვახდინოთ, აუცილებელია დავსვათ კითხვა, რა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც თქვენს ბიზნესს სხვა ბიზნესებისგან გამოარჩევს და მას უნიკალური ნიშის დაკავებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი შეიქმნას ისეთი ელემენტებისგან, რომლებიც მის ღირებულებებს, შესაძლებლობებს, სარგებელსა და თვისებებს გაუსვამს ხაზს.
შექმენით თქვენი ვიზუალური სტილი – ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, გესმოდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის, გქონდეთ ინფორმაცია კომპანიის მისიისა და უნიკალური თვისებების შესახებ. ამის შემდეგ უკვე აუცილებელია ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნა, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს: ლოგოს, ფერთა პალიტრას, ტიპოგრაფიას. ვიზუალური სტილის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ელემენტებია ასევე საიტის დამზადება და სპეციალურად შექმნილი პიქტოგრამები.
იპოვეთ თქვენი ბრენდის ხმა – ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ კითხვა: რა ხმა ექნებოდა თქვენს ბრენდს, მას რომ თქვენთან კომუნიკაცია ეცადა? ბრენდინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, თუ როგორ ვესაუბრებით ჩვენს სამიზნე აუდიტორიას. დაწყებული სარეკლამო კამპანიებით და დამთავრებული ინსტაგრამისა თუ ბლოგებისთვის შექმნილი პოსტებითა და ბრენდის შესახებ გავრცელებული ამბებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ თანმიმდევრული და ვისაუბროთ ერთ ტონალობაში.
გაყიდეთ ბრენდი – მას შემდეგ, რაც ბრენდის დიზაინზე მუშაობას დაასრულებთ და ახალ ბრენდს (რებრენდინგი) ჩაუშვებთ, აუცილებელია, რომ ის თქვენი ბიზნესის ნებისმიერ მედიასაშუალებაში გავრცელდეს. ფაქტობრივად, ბრენდი უნდა მისწვდეს ბიზნესის ყველა წერტილს, სადაც პოტენციური აუდიტორია გეგულებათ. ბრენდის გაყიდვაზე ძლიერ გავლენას ახდენს კომპანიების კონტენტმარკეტინგის მომსახურება, რომელმაც სხვადასხვა კრეატიული კონტენტმარკეტინგის კამპანიებით შესაძლებელია ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და ლიდების კონვერტაციას შეუწყოს ხელი.
მედია და ციფრული კომუნიკაციის სააგენტო „კლიპარტი“ და ბრენდინგი
მედია და ციფრული კომუნიკაციის სააგენტო „კლიპარტი“ უკვე 8 წელია, ლოკალურ და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში სააგენტო კომპანიებს მათ მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევასა და პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება.
კომპანიები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განიცდიან კრიზისულ კომუნიკაციას, რაც შეიძლება გამოიხატოს ბრენდისადმი ნდობის დაკარგვაში, გაყიდვების მაჩვენებლის შემცირებასა და ბაზარზე პასიური ნიშის დაკავებაში. იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა ცხელი ბიზნესპერიოდი მარტივად გადალახონ, ხოლო სტარტაპებმა საკუთარი პოზიციების დაკავებას მოჰკიდონ ხელი, მნიშვნელოვანია, რომ მათ გვერდით გამოცდილი ციფრული კომუნიკაციის სააგენტო იდგეს, რომელიც კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით ბრენდზე, მის განვითარებასა და კონკურენტული პოზიციის დაკავებაზე იზრუნებს.
თანამედროვე დიჯითალიზაციის პირობებში საუკეთესო შედეგების მისაღებად კომპანია „კლიპარტი“ რებრენდინგის პროცესში აქტიურად იყენებს ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების მიქსს.
რა თქმა უნდა, ზოგადად, ბრენდინგი საქართველოში, გეოგრაფიული, კულტურული, ისტორიული თუ ფსიქოლოგიურ-სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, სპეციფიკურია და სტრატეგიებიცა და ტაქტიკებიც დამკვეთის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით განისაზღვრება, მაგრამ, როგორც წესი, შემდეგ „კლიპარტი“ძირითად ელემენტებს მიჰყვება ბრენდთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ბლოგის ავტორი: გვანცა ფორჩხიძე
რედაქტორი: მაკო აბესაძე
კორექტორი: ირმა ჯოხაძე