ონლაინ პიარი (Digital PR) სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნა, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობადობის ამაღლება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა. ის, აგრეთვე, აქტიურად გამოიყენება პარტნიორებთან თუ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ და მათთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად.
ციფრული PR სააგენტოების ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციული მექანიზმები და ტაქტიკები ონლაინ სივრცეში გადაიტანოს და ციფრულ ხელსაწყოებთან ინტეგრაციის წყალობით ეფექტიანი კომუნიკაცია აწარმოოს. ონლაინ PR აერთიანებს კონტენტ მარკეტინგის, სოციალური მედიის მარკეტინგის, SEO ოპტიმიზაციისა და რეკლამირების სხვადასხვა მექანიზმს.
როგორც წესი, ონლაინ PR-ის სპეციალისტები სასურველი შედეგების მისაღწევად სტრატეგიების მთელ პალიტრას იყენებენ, ესენია:
- ონლაინ PR-ის ტაქტიკებისა და სტრატეგიების გამოყენება ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში
- ბიზნეს ანგარიშების გამართვა
- SWOT და PEST ანალიზის წარმოება ციფრულ სივრცეში საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად
- ონლაინ PR-ის პროგრამის შემუშავება და განხორციელება
- მედიასთან ურთიერთობა
- ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი
- სოციალური მედიის მენეჯმენტი
- კონტენტის შექმნა
- კრიზისული კომუნიკაცია
- ინფლუენსერ მარკეტინგი
- ონლაინ ბრენდინგი და პოზიციონირება (რეკლამირება, ონლაინ ღონისძიებებისა და კამპანიების წარმოება)
ონლაინ PR-ის ეფექტიანობის ანალიზი და მონიტორინგი
ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ იმ ძირითად ელემენტებს, რომლებითაც ონლაინ PR სააგენტოები ხელმძღვანელობენ:
- მედიასთან ურთიერთობა: ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან კომუნიკაციასა და მათთან თანამშრომლობას ონლაინ PR-ის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს მიმართულება მოიაზრებს კრიზისული CSR კამპანიების მართვას, ინტერვიუებისა და რევიუების ორგანიზებას, ონლაინ ჟურნალებზე, ბროშურებზე, Storytelling მასალებსა და პრესრელიზებზე მუშაობას.
- ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი: ონლაინ რეპუტაცია არის ნაკრები იმ მოსაზრებებისა და დამოკიდებულებებისა, რომლებიც მომხმარებლებს პერსონის, კომპანიისა თუ პროდუქტის მიმართ აქვთ. მისი მენეჯმენტის მიზანი კი ციფრულ სივრცეში სასურველი რეპუტაციის შექმნა, ბრენდის ავტორიტეტის გამყარება, მის მიმართ ნდობის გაზრდა და პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვების რეკლამაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი ორი სხვადასხვა სტრატეგიაა ბრენდის იმიჯის შესაქმნელად. ონლაინ PR-ის მენეჯმენტის დახმარებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მათთან დაკავშირებული დამოკიდებულებები მართონ. მაგალითად, რევიუებზე, კომენტარებსა და მონიშვნებზე გამოხმაურება უზრუნველყონ.
- სოციალური მედიის მენეჯმენტი: ამ მიმართულების ამოცანა სოციალური მედიის სტრატეგიების შემუშავება და სამიზნე აუდიტორიამდე სასურველი გზავნილების მიტანაა. სოციალური მედიის მენეჯმენტი მოიცავს კონტენტის შექმნას, პოსტების შემუშავებას, SEO ოპტიმიზაციის მომსახურება, community მენეჯმენტს და სხვადასხვა KPI მეტრიკის მონიტორინგს.
- კონტენტის შექმნა: ონლაინ PR-ის სააგენტოების ერთ-ერთი მიზანი მიმზიდველი და რელევანტური შინაარსის კონტენტის წარმოებაა, რათა მომხმარებელი დაინტერესდეს, გაჩნდეს მათთან ინტერაქციის შესაძლებლობა და გაიზარდოს კომპანიის მიმართ სანდოობა. ამგვარ კონტენტში იგულისხმება ბლოგპოსტები, სტატიები, ვიდეოები, ინფოგრაფიკები, პოდკასტები და სხვა. ფორმატების შერჩევა დამოკიდებულია სამიზნე აუდიტორიაზე, ციფრულ საკომუნიკაციო არხებსა და მიზნებზე. ყველა ეს ელემენტი, როგორც წესი, კონტენტმარკეტინგის სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების შესწავლის, კომპანიის შესახებ უკვე გამოქვეყნებული მასალების ანალიზისა და სხვა მიმართულებების კვლევის შედეგად იქმნება. კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავების შემდეგ კი აუცილებელია, გაიწეროს მედიაგავრცელების კალენდარი და განხორციელდეს შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი.
- კრიზისული კომუნიკაცია: ციფრული მარკეტინგული სააგენტოს კიდევ ერთი საზრუნავი კომპანიის გარშემო არსებული კრიზისების მართვა, მათი მოგვარება ან შერბილებაა. ეს მიმართულება მოიცავს მონიტორინგის სისტემებისა და რეაგირების გეგმების შექმნას, მედიასთან საკომუნიკაციო დოკუმენტების მომზადებას, დამკვეთებისთვის კრიზისული კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკების სწავლებასა და ციფრულ სივრცეში არსებული ნარატივების კონტროლს რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად.
- ინფლუენსერ მარკეტინგი: აღნიშნული მიმართულება ონლაინ პიარის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რადგან აზრის ლიდერებთან და ბლოგერებთან თანამშრომლობა და ბრენდის პერსონალიზაცია პროდუქტისა თუ სერვისის პოპულარიზაციას ხშირად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გარდა ამისა, ინფლუენსერმარკეტინგის დახმარებით, ბრენდებს შეუძლიათ, მოიცვან მომხმარებელთა მასშტაბური რაოდენობა, გაზარდონ თავიანთი ცნობადობა, გაამყარონ მათ მიმართ ნდობა, დააჩქარონ გაყიდვები და ეფექტიანად გამოიყენონ ბიუჯეტი და დროის რესურსი.
- ონლაინ ბრენდინგი და პოზიციონირება: აღნიშნული მიმართულების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიზანი ბრენდის იდენტობის შექმნა, სხვადასხვა ციფრული პლატფორმის გამოყენებით საზოგადოებისთვის მისი ღირებულებებისა და უნიკალური მახასიათებლების გაცნობა და ბრენდის ძლიერი იმიჯის შექმნაა.
- ონლაინ ღონისძიებები და კამპანიები: ონლაინ PR ღონისძიებების დაგეგმვა, კამპანიების წარმოება და პროდუქტის წარმატებით ჩაშვება ციფრული სააგენტოების მნიშვნელოვანი აქტივობებია. პიარ სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ვებინარების, ტრენინგების, ვირტუალური პრესკონფერენციების, კონკურსების, სოციალური მედიის კამპანიების ვირუსულად გავრცელებასა და საზოგადოებასთან ინტერაქციის ხელშეწყობაზე.
- ონლაინ პიარის ეფექტიანობის ანალიზი და მონიტორინგი: ონლაინ PR სააგენტოები თვალს ადევნებენ და აანალიზებენ მათ მიერ დაგეგმილი აქტივობების შედეგებს. ეს შეიძლება მოიცავდეს მედიის გაშუქების, სოციალური მედიისა და ვებგვერდებზე მომხმარებელთა აქტივობის მონიტორინგსა და ანალიზს.
საქართველო და PR – საბჭოთა ეპოქიდან თანამედროვეობამდე
საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერომ საინტერესო გზა გაიარა. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს ქვეყანაში პიარის განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით.
საბჭოთა ეპოქაში (1921-1991) საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგი, ცხადია, ისეთი ფორმით, როგორადაც მას დღეს ვიცნობთ, არ არსებობდა. ამ პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, მოქმედებდა ცენზურა და ყველა მედიასაშუალებას მთავრობა აკონტროლებდა. ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია, ძირითადად, საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდასა და ხელისუფლების იმიჯზე ზრუნვას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი პროპაგანდისტული პოსტერები შეიცავდა როგორც კომერციული, ისე პოლიტიკური და სოციალური ხასიათის გზავნილებს.
1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მმართველობის დემოკრატიული პრინციპებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარება დაიწყო. ამ პროცესმა ხელი შეუწყო პიარის ადრეული საწყისების გაჩენასა და მათ ჩამოყალიბებას. 2000-იანი წლების დასაწყისიდან პიარის პრაქტიკების გამოყენება აქტიურად დაიწყეს ბიზნესკომპანიებმა, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებმა და სამთავრობო უწყებებმა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა საქართველოში პირველი PR სააგენტოები და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტები. მათი მომსახურება ძირითადად მედიასთან ურთიერთობას, ღონისძიებების მენეჯმენტსა და კრიზისულ კომუნიკაციას მოიცავდა.
2000-2010-იან წლებში PR სააგენტოებმა და სპეციალისტებმა მომსახურების სპექტრი გააფართოვეს და მოიცვეს ისეთი სერვისებიც, როგორებიცაა სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვა, ონლაინრეპუტაციის მართვა, სოციალური მედიის მენეჯმენტი და ინფლუენსერ მარკეტინგი. ასევე, ბაზარზე აქტიურად დაიწყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებისა და სტანდარტების დანერგვა. შეიქმნა ისეთი პროფესიული ასოციაციებიც, როგორებიცაა საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაცია (GPRA).
დღეს პიარსააგენტოების საქმიანობა ციფრული მარკეტინგის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ამიტომ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი კომუნიკაციაში ახალი მარკეტინგული ფორმებისა და ციფრული ხელსაწყოების ეფექტიანად დანერგვაა.
უპირატესობები
ონლაინ პიარის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ:
- ინფორმაციის გავრცელება და ყურადღების მაჩვენებლის გაზრდა
- მაღალი ხარჯებისა და სარგებლის თანაფარდობის დარეგულირება
- რეპუტაციის გაუმჯობესება და იმიჯის შექმნა
- ახალი მომხმარებლების შეძენა/შენარჩუნება
- ბაზარზე პოზიციონირება და მისი გამყარება
- ვებსაიტის ტრაფიკის გაზრდა SEO სტრატეგიების გამოყენებით
- ლიდების გენერირება
- მიღწეული შედეგების გაზომვა და კონტროლი
ამიტომ, თუკი ბრენდებს ფართო აუდიტორიასთან დაკავშირება, რეპუტაციის შექმნა/შენარჩუნება და თავიანთი პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვების რეკლამირება სურთ, ონლაინპიარს გვერდს რთულად აუვლიან. დრომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.