„წისქვილი ჯგუფისთვის“ შექმნილი პოსტერების სერიის მთავარი თემა საქართველოა. ამბის თხრობა ქართველი ერის პირველი ნაბიჯებით იწყება და თანამედროვე ეპოქამდე გრძელდება. ეს არის ისტორია საქართველოს აისიდან დაისამდე.
ვიზუალზე გამოტანილია ქართველი ერის კულტურული საგანძური: ქართული ცეკვა, ჩოხა, ვაზი, ყურძენი და მითოლოგიური ელემენტები.
გამარჯობა, გამარჯვება საქართველო
თოვლიანი მთები
აღმოცენდა სიცოცხლე საქართველო
ვიზუალზე გამოსახულია მთები, ცა, უსასრულო კავშირი, მზე.
ილუსტრაცია გვიამბობს პატარა იდუმალი ქვეყნის შესახებ, ერთ დროს იბერიად და კოლხეთად რომ მოიხსენიებდნენ. ის აღწერს გარემოს, რომლის მცხოვრებნიც მძიმე დღეებს თამამად უმკლავდებიან, ხვნა-თესვას ეშურებიან, მცხუნვარე მზეს სიყვარულს ეფიცებიან და მთის საფარს ბუნებრივი სიცოცხლის ელექსირად აღიქვამენ.
ქრისტიანობა საქართველოში
პოსტერი ეძღვნება საქართველოს გაქრისტიანებას. ის მოიცავს რელიგიურ სიმბოლიკას, ეკლესიას, ქართულ დამწერლობასა და ოქროს ლომს.
პოსტერზე ნაჩვენებია წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზისგან არის გაკეთებული და წმინდა ნინოს ნაწნავითაა შეკრული. ვიზუალზე გვხვდება ძვ.წ. III საუკუნით დათარიღებული ოქროს ლომიც, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება.
პოსტერზე, ასევე, წარმოდგენილია შუამთის უძველესი სამონასტრო კომპლექსი და ქართული ანბანური დამწერლობა, რომელიც 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
დამპყრობლების ერა
აღნიშნული ფოტომანიპულაცია საქართველოს მძიმე ისტორიული ხვედრითაა შთაგონებული, რადგან საუკუნეების განმავლობაში ქვეყანა ყველა მხრიდან მტრის შემოსევას განიცდიდა. რუკა კი დროის შესაბამისად, ახალ გამოწვევებთან ერთად იცვლებოდა. ხანჯლები – ბრძოლის, წითელი ფერი – დაღვრილი სისხლის, ვაზის ლერწამი და ღვინო კი სიცოცხლის გაგრძელებისა და გამარჯვების სიმბოლოა.
დიდი ქართველები
აღნიშნულ ფოტომანიპულაციაზე საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან გამოსახულნი. მათ შორის – თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, ივანე ჯავახიშვილი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი. თითოეულმა მათგანმა სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების აღორძინებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ლხინის თემა
საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობის ტრადიციით. „სტუმარი ღმერთია“ – ეს ხალხური გამონათქვამი ღრმადაა ფესვგადგმული ქართველი ერის ქვეცნობიერში. ფოტომანიპულაციაზე გამოყენებულია XIX საუკუნეში მოღვაწე ცნობილი თვითნასწავლი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის მიერ შექმნილი ნახატის სცენა, რომელიც ლხინის თემას ეხება.
ფოტომანიპულაციაზე ნაჩვენებია, ასევე, სუფრის მნიშვნელოვანი ატრიბუტები, კერძოდ, ჭურჭელი – კოკა , რომლითაც ღვინო დააქვთ და ყანწი – სპეციალური სასმისი განსაკუთრებული სადღეგრძელოების წარმოსათქმელად.
მრავალჟამიერი
საქართველოს თითოეული კუთხე თავისი თვითმყოფადი ფოლკლორით გამოირჩევა. ილუსტრაციაზე ასახულია ქართული სამხმიანი სუფრული სიმღერა და სასულიერო საგალობელი მრავალჟამიერი.
2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და ის არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა.
მუხამბაზი
ილუსტრაციაზე ასახულია ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, სერგეი ფარაჯანოვის ფილმის, „ბროწეულის ფერის“, ელემენტები, კერძოდ, ბროწეული და მოცეკვავე ქალი.
ვიზუალზე გამოტანილი აივანი ძველი თბილისის ურბანული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტია. თავად მუხამბაზი კი ილუსტრაციის შინაარსობრივ ჯაჭვს ებმის. ის აშუღური პოეზიისა და სიმღერების ნიმუშია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა XVIII-XIX საუკუნეებში ყარაჩოხელთა წრეში მოიპოვა.
შენ ხარ ვენახი
ილუსტრაციაზე გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი – შენ ხარ ვენახი. ასევე, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ქართველი მეფის, დემეტრე I-ის (1125-1156) მიერ შექმნილი გალობა – შენ ხარ ვენახი. აღნიშნული საგალობელი ერთ-ერთია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოებიდან, რომელიც მეფე დემეტრემ გარეჯის მონასტერში ყოფნისას დაწერა. ფოტოზე, აგრეთვე, ასახულია ვაზი, ყურძენი და ქვევრი, რომლებიც ქართული კულტურის ერთ-ერთი მამოძრავებელი ღერძია.
ქვევრი კონუსური ფორმის თიხის ჭურჭელია, რომელსაც ღვინის დასაყენებლად და მარცვლეულის შესანახად იყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
ჩაკრულო კოსმოსში
აღნიშნული ვიზუალი ეძღვნება ჩაკრულოს, რომელიც ქართლ-კახური კლასიკური საგუნდო პოლიფონიური, სუფრული სიმღერაა.
ილუსტრაციაზე ასევე გამოსახულია ფირფიტა, რომელიც 1977 წელს ავტომატური პლანეტათშორისი სადგურების „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ის“ დახმარებით კოსმოსში გაუშვეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართული ხალხური სიმღერა ჩაკრულო 27 მუსიკალური ნაწარმოების შემცველ განყოფილებაში მოხვდა.
ფირფიტა სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ თუ ეთნიკურ მუსიკალურ სიმდიდრეს აერთიანებს, დატანილი სიმბოლოები კი ინსტრუქციაა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მის მპოვნელს ფირფიტის გამოყენება.